თბილისის საკრებულო დღეს ხმაურიანი განხილვების მოლოდინშია - საკრებულოს რამდენიმე კომისია დედაქალაქის მთავრობის ახალ ინიციატივაზე იმსჯელებს, რომლის მიხედვით მერიის მაღალჩინოსნების ხელფასები ორმაგდება. ოპოზიციისთვის კი, ეს იდეა კატეგორულად მიუღებელია.
თბილისის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, მერიის მაღალჩინოსნების ხელფასები კი არ იზრდება, არამედ შესაბამისობაში მოდის კანონის მოთხოვნებთან.
„ისევე, როგორც მერიაში და არცერთ სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში არ მომხდარა ხელფასების ზრდა, მითუმეტეს, გაორმაგება,“ - განაცხადა ხმალაძემ.
ირაკლი ხმალაძე ასევე განმარტავს, რომ დანამატი და ხელფასის გაერთიანება წარმოადგენს თანამდებობრივ სარგოს. ხმალაძე აცხადბს, რომ ამასთან ერთად შესაძლებელია პრემიის გაცემა, რასაც კანონი არ კრძალავს. თუმცა, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ეს პრემია თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტზე მეტი არ იქნება.
მერიის მაღალჩინოსნების შემდეგ ხელფასების ზრდა ასევე, დაგეგმილია საკრებულოში.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის კანონიდან გამომდინარე, ხდება დანამატის ხელფასთან გაერთიანება.
„საკრებულოში ხდება გაორმაგება და გაზრდა არ ხდება, ხდება დანამატისა და ხელფასის გაერთიანება,“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.