„ზოგადად, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა რომ არის მნიშვნელოვანი პრობლემა და მათ შორის, გამჭვირვალობის ნაწილი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, ამაზე არაერთხელ გვითქვამს,“ - ეს განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა, სასამართლო სისტემის ერთწლიანი მუშაობის შეფასებისას გააკეთა.
სასამართლო სისტემის ერთწლიანი მუშაობის შედეგებს მოსამართლეთა კორპუსი სპეციალურ კონფერენციაზე აჯამებს.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტისთვის სასამართლოს სისტემის გამართულად მუშაობისთვის რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი.
„პრეზიდენტის პოზიცია ისევე, როგორც ადმინისტრაციის პოზიცია, არაერთხელ ყოფილა დაფიქსირებული, რომ დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზა და რეფორმები, რომლებიც ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს, მაგრამ, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სფეროში მოღვაწეობდნენ პრინციპული და კომპეტენტური ადამიანები,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეხვედრას მოსამართლეთა კორპუსის გარდა, ის არასამთავრობოებიც ესწრებიან, რომლებიც სასამართლოს მუშაობას მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და ქართული მართლმსაჯულების მიმართ ბევრი კრიტიკული შენიშვნა აქვთ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორი, ეკატერინე ციმაკურიძე, აღნიშნავს, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, სასამართლოში განხორციელებული მესამე ტალღის რეფორმის მიუხედავად, გამჭვირვალე არ არის.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი, ოლიკო შერმადინი, აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემის მუშაობის გაუმჯობესების მოლოდინების მიუხედავად, მდგომარეობა რიგი მიმართულებებით გაუარესდა.
„უფრო დახურული და გაუმჭვირვალე გახდა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცედურები, უფრო დახურული გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო არგუმენტირებული კრიტიკის მიმართ და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, უარყოფითად აისახება სასამართლოს სისტემისადმი საზოგადოების ნდობაზე,“ - აცხადებს ოლიკო შერმადინი.