22 დეკემბერი 2024,   15:32
ვრცლად
ირაკლი ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ყოფილი ვიცე-მერი, ირაკლი ლექვინაძე დანიშნა.  განცხადება კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა და მინისტრთა კაბინეტს ახალი ბიზნეს ომბუდსმენი წარუდგინა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ლექვინაძეს ბიზნეს სექტორი კარგად იცნობს და ის იქნება უმნიშვნელოვანესი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში.

პრემიერის თქმით, ლექვინაძე არის პროფესიონალი და ის გააგრძელებს იმ „კარგ ტრადიციას, რომელიც ამ სამსახურში შეიქმნა.“

„ირაკლის ბიზნეს საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. არის ძალიან წესიერი ადამიანი, კარგი პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი გააგრძელებს იმ კარგ ტრადიციას, რომელიც ამ სამსახურში შეიქმნა,“-განაცხადა პრემიერმა.

განცხადება მედიასთან ირაკლი ლექვინაძემაც გააკეთა. ახალმა ბიზნესომბუდსმენმა უწყების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მე შევეცდები, რომ მაქსიმალურად ის საკითხები, რომელიც მუშავდება ბიზნესში  ბიზნეს ასოციაციების მიმართულებით, მაქსიმალურად ეფექტურად იქნას მიტანილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლებამდე. იქნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია ყველა ბიზნეს ასოციაციასთან, იქნება ეს მსხვილი ბიზნესი, განსაკუთრებით მინდა ფოკუსი გავაკეთო მცირე ბიზნესის მიმართულებით,“-აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

დღის ამბები