22 დეკემბერი 2024,   15:33
ვრცლად
არა ჩადებას! დასრულდეს დაუსჯელობა! - სამოქალაქო სექტორი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქციისთვის ემზადება

გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად დღეს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქცია სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით 18:00 საათზე გაიმართება და მისი მონაწილეები მსახიობისათვის 8-წლიანი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ. პარალელურად, უკვე დაიწყო შეწყალების პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება.

აქციაზე რამდენიმე მოთხოვნა იქნება დაყენებული, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის გათავისუფლებასთან ერთად იმ პოლიციელების დასჯა იქნება, რომელმაც როგორც მსახიობის მხარდამჭერები ამბობენ, ნარკოტიკების ჩადება მოახდინეს.

„აქციის მოთხოვნებს რაც შეეხება, არის იმ პოლიციელების მიმართ არსებული გამოძიების უმოკლეს ვადებში დასრულება, რომელმაც გიორგი გიორგანაშვილს ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. ასევე პროტესტს დავაფიქსირებთ არსებული მავნე პრაქტიკების მიმართ, რაც ქვეყანაში ისევ გრძელდება უკვე რამდენი წელია,“-განაცხადა გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.

გარდა ამისა დღევანდელ აქციაზე მოითხოვენ ნარკოპოლიტიკის დროულ ცვლილება-ლიბერალიზაციას.  აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „ბახალას“ დაკავება არ არის ერთი პირის პრობლემა და მოქმედი კანონის მსხვერპლი, ასეულობით ადამიანი გახდა.

„საზოგადოება გააპროტესტებს იმას, რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, ასევე საპოლიციო პრაქტიკების მიმართულებით. ჩვენ მხოლოდ 2017 წელს ვიცით არაერთი საქმე, სადაც ადამიანები ნარკოტიკის უკანონო ჩადებაზე საუბრობდნენ, თუმცა არც ერთი საქმე გამოძიებული არ არის. ასევე არ არის გამოძიებული პოლიციის მხრიდან ძალადობის არაერთი შემთხვევა,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე, სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

დღის ამბები