20 ნოემბერი 2024,   15:20
ვრცლად
კომპანიას, რომელიც უხარისხო საკვებით კვებავდა სოციალურად დაუცველებს, გაუფორმეთ ხელშეკრულება - ხაბეიშვილი 

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დებატების მიზეზი საბავშვო ბაღებში არსებული ვითარების განხილვა გახდა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა მნიშვნელოვნად შემცირდა კვების რაციონი.

მისივე თქმით, ამის მიზეზი დედაქალაქის მერიის მიერ სააღმზრდელო დაწესებულებების კვებით მომარაგება ისევ იმ კომპანიას დაუკვეთა, რომელსაც ერთხელ უკვე მიეცა დისკვალიფიკაცია.

ხაბეიშვილის თქმით, კომპანია შპს "ნილი" წინა მთავრობის დროს რამდენჯერმე დაჯარიმდა.

„ეს კომპანია არა ერთხელ არის დაჯარიმებული იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველებისთვის შეჰქონდა უხარისხო საკვები. ეს დოკუმენტალურად არის დასაბუთებული, ჭორს კი არ გიყვებით. კომპანია, რომელიც უხარისხო საკვებით კვებავდა სოციალურად დაუცველებს, თან დისკვალიფიკაცია მისცა მერიამ, გაუფორმეთ ხელშეკრულება, რომ კვებოს ბავშვები,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ბრალდებებს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს. ბექა დავითულიანმა განმარტა, რომ კომპანია "ნილი" საბავშვო ბაღებს მხოლოდ ახალი ტენდერის დასრულებამდე მოამარაგებს. 

„ერთი თვით არის, სანამ ახალ ტენდერში გამარჯვებული გამოჩნდება ეს კომპანია შემოსული. ახალ ტენდერში იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ნელ-ნელა გასწორდება. რამდენადაც ვიცი, იმ კომპანიას გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმაზეც არის საუბარი, რომ გამოეწერება, დაგვიანებებზე. მეტი არაფერი არ დაურღვევია. შესაბამისი იქნება რეაგირება. ჩვენ ბავშვების მტრები ვართ თუ რა ვართ როგორ გგონიათ?“ - მიმართა ბექა დავითულიანმა ლევან ხაბეიშვილს.

ამავე თემაზე
დღის ამბები