მეტროში მომხდარი ინციდენტის გამო ყოფილი მერისა და სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის, ასევე მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსის შესაბამისად დასჯას ითხოვს ალეკო ელისაშვილი.
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი აშკარა კორუფციულ სქემაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საეჭვო რეპუტაციისა და არასანდო "ყვარელრემმშენის“ მიერ ტენდერის მოგება ბევრ კითხვას აჩენს.
ელისაშვილის მტკიცებით, თავის დროზე არ ჩატარებულა არანაირი საჭიროების კვლევაც, რომ მეტროსადგურების რეაბილიტაცია აუცილებელი იყო.
„მთელი კორუფციული სქემა იყო. ნარმანია არის პასუხისმგებელი, ზედამხედველობის სამსახური, ტრანსპორტის კომპანიის ხელმძღვანელობა და ამ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობა. რად უნდა ამას ბევრი ფილოსოფია, რა გამოძიებას ატარებენ. თემურლენგი შემოვიდა ღამე, შეიპარა და ააკრა ის ჭერი, თუ როგორ იყო ეს ამბავი? ერთმანეთი მოატყუონ ამ ზღაპრით. ძალიან მარტივია აქ ყველაფერი. ხელის გულზე დევს ყველაფერი, რომ ამაში დიდი ფული გააკეთეს და გააკეთეს ფართხაფურთხით. უბრალოდ ფაქტმა თავი არ დამალა,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.