რატომ გაიზარდა ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი- ეს იყო ძირითადი კითხვა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ პარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციას ჰქონდა. შეხვედრაზე უწყებამ ვიზალიბერალიზაციის ერთი წლის შედეგების სტატისტიკა წარმოადგინა.
უმცირესობის წევრები დაინტერესდნენ ხომ არ უკავშირდებოდა ქვეყნიდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკურ ვითარებას.
გარდა ამისა, ოპოზიციას კითხვები ჰქონდა კრიმინალის ზრდასთან და პოლიტიკურ დევნილებთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმცირესობის წვერმა გიგა ბოკერიამ იკითხა- ხომ არ შეუქმნის ეს პრობლემებს ვიზალიბერალიზაციას.
“საქართველოში ექსტრადირებული ორგანიზებული დანაშაულის ხელმძღვანელი პირი ქრება საქართველოდან და მერე თავს ამოყოფს უცხო ქვეყანაში. ჩვენ უკვე გვქონდა რიგი სასამართლო პროცესები ევროპაში . თვითო ფაქტი იმისი, რომ მთელ ამ წყება პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ეთქვა უარი ექსტრადირებაზე ამ პირები იმიტომ, რომ საქართველოში მათ პოლიტიკური დევნა ემუქრებათ, ეს არის ამ გადაწყვეტილების შინაარსი. ჩვენ გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება ყოფილ პრემიერი მინისტრზე მე-18-ე მუხლთან დაკავშირებით, მის ფუნდამენტურ უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ მოტივთან დაკავშირებით. ამისა და მიუხედავად ეს ფაქტები ამძიმებს თუ არა ჩვენს პრობლემას?“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბოკერიას ბრალდებებს არ იზიარებს. მისი თქმით ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დროს ის მაღალჩინოსნები ვინც უმცირესობამ დაასახელა უკვე იყვნენ პასუხისგებაში მიცემულები.
"როცა საქართველომ ვიზა ლიბერალიზაცია მიიღო , ეგ მაღალი თანამდებობის პირები უკვე პასუხისგებაში იყვნენ მიცემული და ის მაღალი თანამდებობის პირები თქვენ რომ ახსენეთ და თქვენ, რომ იცავდით ეგენიც ძებნაზე გადაცემულები იყვნენ მაშინ და აი მაგ პირობებში მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია. თქვენ ისე აღწერეთ რომ ჯერ ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ და მერე ევროპა დაფიქრდა ეს ხალხი როგორ მისცეს პასუხისგებაში და რატომ გადასცეს ძებნაზეო?! ხალხს თვლაში ნაცარს ნუ აყრით. პირდაპირ შავი თეთრზე წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში , რომ პოლიტიკაში ამ ადამიანის შესაძლო მონაწილეობას მის დაკავებასთან არაფერი კავშირი არ ჰქონიაო,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძეს ოთარ კახიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყნის იმიჯი იმდენად არის შელახული, რომ ინტერპოლმა უარი უთხრა საქართველოს ძებნის გამოცხადებაზე.
„წერილია გამოგზავნილი სადაც პირდაპირ წერია რომ ძებნილად იმიტომ არ გამოცხადდება რომ პოლიტიკური დევნის ალბათობაა,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.
საგარეო კომიტეტის სხდომაზე შს მინისტრის მოადგილეებთან კითხვები ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობასაც“ სალომე სამადაშვილი ვიზალიბერალიზაციის სარეკლამო კამპანიის ხარჯვითი ნაწილით დაინტერესდა.
„ჩვენი ქვეყნის იმიჯი დღეს ევროპაში არ არის ადეკვატური და ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ხარჯავს მილიონ ნახევარ დოლარს იმისთვის რომ გაწიოს რეკლამა ერთ-ერთ რუსულ არხზე. რამდენად ადეკვატურად აისახება ხელისუფლების ამოცანები , რომ დაამკვიდროს ამ ქვეყნის იმიჯი , როგორც სანდო პარტნიორის, უსაფრთხო ქვეყნის,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.