18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
აუქციონზე ევკალიპტის ხის ფასი 10 220 ლარამდე გაიზარდა - ოპოზიცია დათმობას არ აპირებს

აუქციონზე ევკალიპტის ხის ფასი 10 220 ლარამდე გაიზარდა. ევკალიპტის ხე მწვანე კონცხიდან აუქციონზე იყიდება.

ამ დროის მონაცემებით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებულ აუქციონს ორი მონაწილე ჰყავს. ევკალიპტის შეძენას დმანისის გადარჩენის ფონდი ცდილობს.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ვარაუდით, მეორე მსურველი ბიძინა ივანიშვილის ის კომპანიაა, რომელიც ყოფილ პრემიერს ხეების გადატანის პროცესში ეხმარება.

ევკალიპტის ხის საწყისი ფასი 7 ათასი ლარი იყო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას, თქმით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ფინანსთა სამინისტრომ ხე აუქციონზე 7 ათას ლარად გამოიტანა.

„ეს არის ნამდვილი ტრაგედია. მთელი ქვეყნის ბიუროკრატია, ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდეს ქვეყნის მოსახლეობაზე, ერთი ადამიანის ნება-სურვილების გატარებით არის დაკავებული და დიახაც, ყველა დასაშვები მეთოდით ბიძინა ივანიშვილს წინ აღვუდგებით. დამთავრდა - ან ხე ან ადამიანი, ან ბიძინა ივანიშვილი ან ხალხი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, აცხადებს, რომ აუქციონში მონაწილეობას ბოლომდე მიიღებენ.

„ვაპირებთ, ავხადოთ ფარდა ყველაფერ იმას, რაც ხდება ქვეყანაში. მთელი სახელმწიფო აპარატი მობილიზებულია ერთი ადამიანის ინტერესისთვის. მთელი სახელმწიფო აპარატი არის ერთმანეთთან გარიგებაში და ფულის კეთების მეტს არაფერს აკეთებენ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივნის, თამარ კორძაიას, თქმით, ოპოზიციური პარტიები სწორედ ხალხის სახელით აპროტესტებენ ხეების გადატანას.

ამავე თემაზე
დღის ამბები