18 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
სავარაუდო გარყვნილი ქმედების მსხვერპლი - 15 წლის გოგონას მტკიცებით, მასზე დედის მეგობარი მამაკაცი ძალადობდა

ცემისა და სავარაუდოდ გარყვნილი ქმედების მსხვერპლი 15 წლის გოგონაა. მოზარდის დედა გოგონას ცემის ფაქტს ადასტურებს. 42 წლის ქალი არც იმას უარყოფს, რომ შესაძლოა, მისი მეგობარი - 28 წლის მამაკაცი, გოგონაზე ძალადობდა. დედა ამტკიცებს, რომ მის შვილზე გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა მანამდე, სანამ ბავშვმა ამბავი თავად არ მოყვა.

ახალგაზრდა მამაკაცი მას შემდეგ, რაც მოზარდმა გარყვნილ ქმედებაში ამხილა, ოჯახში აღარ მისულა. მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახიდან ჩხუბის ხმა არასდროს გაუგიათ და არც გოგონასათვის შეუმჩნევიათ ძალადობის კვალი.

15 წლის გოგონამ მასზე ძალადობის შესახებ სკოლის პედაგოგს და შემდეგ უკვე მანდატურის სამსახურს აცნობა. სკოლის ადმინისტრაციამ კი მომხდარის შესახებ შესაბამის უწყებებს შეატყობინა.

სოციალური მომსახურეობის სააგენტომ მოზარდი ოჯახს მოაშორა და ის დროებით სახელმწიფო ზრუნვას გადასცა.

დედას შვილის ნახვა 30 დღის ვადით შეეზღუდა. ამ პერიოდის განმავლობაში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

ბავშვის პირველადი სამედიცინო შემოწმებისას გაირკვა, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, რაც მშობლის უყურადღებობას ადასტურებს.

არასრულწლოვანზე ძალადობის სავარაუდო ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.

დღის ამბები