ტვიშის მოსახლეობა ჰესებისა და წყალსაცავების წინააღმდეგ გამოდის. ისინი იმ რისკზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ჰესის მშენებლობას მოჰყვეს. მათ შორის ეს არის მიკროკლიმატი, რომელიც აუცილებელია ყურძნის უნიკალური ჯიშის - ტვიშის ცოლიკაურის, მოსაყვანად.
„ის უნიკალური ჯიშის ყურძენი, რომელიც აქვს ამ სოფელს, აღარ ექნება. ჩამოვიდეს მთავრობა და დაგველაპარაკოს,“ - აცხადებს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი.
სოფელში ამბობენ, რომ ღვინის ეს ჯიში საშუალებას იძლევა, შეიქმნას ადგილზე ტურისტული ბაზა და განვითარდეს მევენახეობა, თუმცა, ჰესის მშენებლობა სოფელს ამ პოტენციალს უკლავს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილობრივ წარმოებულ ღვინის დიდი ფასი აქვს და მისი რეალიზაციის პრობლემა სოფელს არ ექმნება. ტვიშის მცხოვრებლების განცხადებით, ეს მათი ერთადერთი შემოსავალია.
მოსახლეობა ამბობს, რომ ჰესი არა მხოლოდ ტვიშს, არამედ მიმდებარე სოფლებსაც დააზარალებს და ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის. მათ შორის ადგილობრივები შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა მეწყრული ზონების შეუწყობს ხელს.
„გამოაგზავნონ აქ სპეციალისტები, აქ ისეთი კლიმატია, ქარია არის აქ სულ. მოიტანონ ეს ქარის ჰესები და დადგან აქ,“ - აცხადებენ ადგილობრივები.
ტვიშის მოსახლეობა ამბობს, რომ ჰესის მშენებლობა სარგებლობას სოფელს არ მოუტანს.
„შეიძლება, სამი წელი დაგვასაქმონ და მერე სად წავიდეთ ჩვენ. დაგვანებონ თავი, მივხედავთ ჩვენ ჩვენს საქმეს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.