18 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
უარი ჰესების მშენებლობას - რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლები 50 ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

უარი ჰესების მშენებლობას - რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი ჰესების მშენებლობას რუსთავი2-თან აპროტესტებს. მათ პეტიცია წარადგინეს, რომელიც ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახავს.

„დღეს საქართველოში ხელისუფლება ყველანაირი ხერხით ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ქვეყნის ფინანსური ხსნა მცირე ჰესების შენებაშია. სინამდვილეში, ეს ჰესები მათ გამდიდრებას ემსახურება. ჩვენ უკვე ვნახეთ. რა ბედი ეწია ასეთი ჰესების მშენებლობას, მაგალითად, ყაზბეგის ჰესმა 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

"ამჟამად ჰესებს აშენებენ სვანეთში და სხვა მაღალმთიან რეგიონებში, 50 ჰესი უნდა აშენდეს, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რაც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დააყენებს ჩვენი ქვეყნის ამ ულამაზეს მხარს და ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ ძეგლებს.

"რაც მთავარია, ჰესების მშენებლობა საფრთხეს უქმნის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებსაც. ეს პროექტები არის მთის და ხეობების მოსახლეობისგან დაცლის ვერაგული გეგმა, რომელიც, პირველ ყოვლისა, ჩვენ საამაყო მთას და მის გმირ მოსახლეობას ემუქრება. სვანეთი, რაჭა, პანკისი, ხევსურეთი, აჭარა, ჯავახეთი და სხვა ერთი ქართული სოფელი სჯობს მთელ ფულს ოლიგარქიის ჯიბეში,“ - აცხადებენ შეკრებილები.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ქვეყანა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგება. ისინი 50 ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ამ ჰესების მშენებლობა არ დაუშვან, წინააღმდეგ შემთვევაში, თავად მოსახლეობა არ დაუშვებს დაგეგმილი ჰესების მშენებლობას.

დღის ამბები