სამოქალაქო სექტორი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი თავდასხმის დისკრიმინაციულ მოტივებზე გაამახვილოს ყურადღება და ის დამამძიმებელ გარემოებად განიხილოს.
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში ნათქვამია, რომ 19 მარტს "ქართული მარშის" წევრების მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზანს, ტელეკომპანიის ჟურნალისტების დაშინება წარმოადგენდა.
სამოქალაქო სექტორის აზრით, იყო მცდელობა ჟურნალისტებმა შეწყვიტონ იმ მოსაზრებების გამოთქმა, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული.
„მნიშვნელოვანია გამოძიებამ კვალიფიკაცია წარმართოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს მაკვალიფიცირებელ გარემოებად დისკრიმინაციის ნიშნების მითითებას. ეს მნიშვნელოვანი იქნება შემდგომ სასამართლოში განხილვისას და პირებისათვის პასუხისმგებლობის განსაზღვრის მომენტისათვის,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ.
ე.წ. "ქართული მარშის" წევრებს გამოძიება ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით ჩადენილ ხულიგნობას, სხვისი ნივთის დაზიანებას და ძალადობას ედავება.
"ქართული მარშის" წევრები გიორგი გაბუნიას და სამაუწყებლო კომპანიის იურისტს, თამთა მურადაშვილს თავს 19 მარტს დაესხნენ და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მათ თავისუფლება აღუკვეთეს. ისინი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას გადაცემა P.S-ში საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდნენ. მარშის წევრები აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.
დაპირისპირებისას დაშავდა "რუსთავი2"-ის ჟურნალისტი დავით ერაძე.