საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება უფრთხილდება ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს და ყველა ღონეს მიმართავს, რათა ქვეყანამ სრულფასოვნად შეასრულოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პირობები.
"უვიზო მიმოსვლის პირობებში ჩვენი მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ის ახალი შესაძლებლობები, რომლებიც უკავშირდება დაუბრკოლებლად მოგზაურობას ევროპის ქვეყნებში.
ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას, ჩვენთვის, უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, რადგან საქართველო ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ ოჯახს. საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება უფრთხილდება ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს და ყველა ღონეს მიმართავს, რათა ქვეყანამ სრულფასოვნად შეასრულოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პირობები.
მსურს მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ერთად გავუფრთხილდეთ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ყველა წარმატებას, მათ შორის დავიცვათ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წესები, მივცეთ საკუთარ თავს შესაძლებლობა, მომავალშიც შეუფერხებლად ვისარგებლოთ ამ სიკეთით და ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი,"- ნათქვამია განცხადებაში.