ამხანაგობა ”ნუცუბიძის პლატო 255”-თან ნარგავების გადარგვის პროცესი შეჩერდა. მიზეზი ადგილობრივების პროტესტი გახდა.
მათი განცხადებით, მუნიციპალიტეტმა მათთან შეთანხმების გარეშე კორპუსთან არსებული ერთადერთი მწვანე საფარი გაასხვისა.
მათივე ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა უნდა დაიწყოს.
ამხანაგობის წევრები დღეს დილიდან მათ მიერ დარგულ ხეებს იცავდნენ და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს ადგილზე მცენარეების ნიადაგიდან ამოღების საშუალება არ მისცეს.
კორპუსის მცხოვრებლები ადგილზე სკვერის მოწყობასა და მშენებარე კორპუსის ადგილმონაცვლეობის საკითხს აყენებენ. ნუცუბიძის პლატოზე დღეს ასევე იმყოფებოდნენ მერიის წარმომადგენლებიც. ადგილობრივები ნარგავების დასაცავად საპროტესტო აქციას შაბათს გეგმავენ.
„ადგილმონაცვლეობა მოხდეს, რადგან კორპუსის მარჯვნივ, არის დაწყებული შეჩერებული მშენებლობა. ნაცვლად ახალი სამშენებლო უბნის გახსნისა, მოხდეს ადგილმონაცვლეობა“-აცხადებს ამხანაგობა ”ნუცუბიძის პლატო 255”-ის წევრი ირმა ბარკალაია.
სამშენებლო კომპანიის ტექნიკური დირექტორი ბესიკ სარიშვილი, რომელიც ადგილზე იმ ტერიტორიის დასათვალიერებლად მივიდა, სადაც სავარაუდოდ, მშენებლობა უნდა დაიწყოს, აცხადებს, რომ ადგილმონაცვლეობის გადაწყვეტის საკითხში ის კომპეტენტური არ არის.