სახალხო დამცველი დეპუტატ ვატო შაქარაშვილის რეპლიკას ოპონენტების მისამართით სექსისტური შინაარსის გამონათქვამად აფასებს.
ომბუდსმენი ფიქრობს, რომ მსგავსი მიმართვა ქალთა კონკრეტულ მდგომარეობას დამამცირებელ კონტექსტში მოიაზრებს.
გავრცელებულ განცხადებაში ნინო ლომჯარია პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და წერს, რომ მათი მხრიდან გამოთქმული სექსისტური თუ სხვა სახის დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი გამონათქვამების გამოყენებას შესაძლოა, დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე. ქვეყნის მთავარი უფლებადმაცველი მოუწოდებს დეპუტატს სექსისტური გამონათქვამებისგან თავი შეიკავოს.
„აღნიშნული გამონათქვამი სექსისტური შინაარსისაა და ქალთა კონკრეტულ მდგომარეობას დამამცირებელ კონტექსტში მოიაზრებს. სახალხო დამცველის განცხადებით პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, ხელი შეუწყონ თანასწორობის პრინციპის დაცვას. მათი მხრიდან გამოთქმული სექსისტური თუ სხვა სახის დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი გამონათქვამების გამოყენებას შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, ხოლო საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი სტერეოტიპები, რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში, ქალს დამამცირებელ მდგომარეობაში წარმოაჩენს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირთა მიერ სექსისტური და დისკრიმინაციული ხასიათის გამონათქვამები აკნინებს საზოგადოებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და ხელს უშლის გენდერული თანასწორობის მიღწევას,“-ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.