18 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
"ელემენტარული პირობები არ გვაქვს" - ჭიათურ-მანგანუმის თანამშრომლები და პროფკავშირების წარმომადგენლები აქციას მართავენ

ჭიათურ-მანგანუმის თანამშრომლები და პროფკავშირების წარმომადგენლები ჭიათურაში საპროტესტო აქციას მართავენ. მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების ნორმებში დაცვას, ხელფასების გაზრდას და სხვადასხვა სახის სოციალურ და სამართლებრივ გარანტიას მოითხოვენ.

დღეს შეხვედრა უნდა გამართულიყო კომპანიის სპეციალურ მმართველთან, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ჩაიშალა.

პროფკავშირებში ამბობენ, რომ თუ მენეჯმენტი არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირებულია 15.2% ინფლაცია და ამ ხალხის ხელფასების ინდექსაცია არ მომხდარა. ჭიათურაში თანდათანობით სამუშაო ძალას ამცირებენ, მაგრამ მადნის მოპოვების რაოდენობა იგივე რჩება. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ მაღაროელზე ხდება შრომის ნაყოფიერების ზრდა,“- განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ.

საპროტესტო აქციების კატალიზატორი კი ორშაბათს მომხდარი კიდევ ერთი უბედური შემთხვევა გახდა, როდესაც ერთ-ერთი მაღაროელი გვირაბში მუშაობისას დაიღუპა.

„ან უსაფრთხოება იყოს დაცული, ან ხელფასი იყოს დაცული, ან პირობები. ელემენტარული პირობები არ გვაქვს,“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღის ამბები