18 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების შემდეგ თბილისის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს 

თბილისის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა - დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების შემდეგ პირველი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მერიის წარმომადგენლები საკრებულოს უმრავლესობასა და ოპოზიციასთან ერთად ესწრებიან.

„სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს სურვილი აქვთ კახა კალაძეს კიდევ ერთხელ გააცნონ საკუთარი არგუმენტები სადავო საკითხებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში კი თუ „სითი ინსტიტუტი“ დოკუმენტზე მუშაობას ჩამოშორდა, სპეციალისტები სამართლებრივ დავის დაწყებას გეგმავენ.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს” გენერალური დირექტორის, მამუკა სალუქვაძის თქმით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ზოგადი სტრატეგიული დოკუმენტი და არსებობს ქალაქგეგმარების სხვა დოკუმენტები, რომელიც კონკრეტულ ხედვებს აჩვენებს.

„ასეთი მასშტაბური ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი მოითხოვს დიდ ფინანსებს, მაგრამ ჩვენ სპეციალურად გვაქვს აღებული კომპაქტურობა ქალაქის იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ის სახსრები, რომელიც ექნება თბილისის ბიუჯეტს,“ - განაცხადა სალუქვაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის თქმით, მერიას გენგეგმასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

„ჩვენ ვსვამთ კითხვებს რამდენიმე მიმართულებით, პირველი, რამდენად გამოყენებადია ის დღეს, რაც არის იურიდიულად, თუნდაც, ამ კუთხით, როცა საკუთრების უფლებას ვერ ვხედავთ, რომ არის სიღრმისეულად გაანალიზებული. რამდენად გამოყენებადია და რა რისკებს შეიცავს მისი ადაპტირება, როგორც მოქმედი გენგეგმის და მეორე, ჩვენთვის საინტერესოა ასევე, იმ კონცეფციის მიღმა, რომელსაც ჩვენ ვეთანხმებით გადაწყვეტილების ნაწილში თუ რა კვლევებზე იყო დაფუძნებული მათ მიერ შემოთავაზებული პროექტები,“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.

დღის ამბები