18 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
„მერიას არ აწყობს გენერალური გეგმის დამტკიცება“ - ოპოზიცია პროცესის მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობს 

„მერიას არ აწყობს გენერალური გეგმის დამტკიცება,“ - ეს განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით გააკეთა.

ამ წუთებში გენერალური გეგმის საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

ზალიკო უდუმაშვილის თქმით, თბილისის მერიას აღნიშნული გენგეგმა გარკვეულწილად შეზღუდავს და მერიის წარმომადგენლებს საკუთარი ნებით მოქმედებას აუკრძალავს.

„გენერალური გეგმა არის ის მთავარი დოკუმენტი, რომელიც მათ შეზღუდავს და ქალაქს განავითარებს ნორმალურად,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის“ თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილი აცხადებს, რომ მერია „სითი ინსტიტუტს“ გამუდმებით „ტუქსავს“. გაბაშვილის თქმით, „სითი ინსტიტუტი“ ამ ეტაპზე ზონალურ რუკებზე მუშაობს და პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მოცემული ზონალური დაყოფა კონკრეტული პირის ინტერესში არ შედის.

„მერია საკუთარ კონტრაქტორს ისე ექცევა, როგორც დამნაშავეთა ჯგუფს და ძირითადად, მისი დატუქსვით არის დაკავებული. შესაბამისად, გვაინტერესებს რა ხდება, რეალურად რაშია საქმე, როცა ხუთი ეტაპი ჩაბარებულია, ორ მილიონზე მეტი გადახდილია და ბოლოს ვისმენთ, რომ ეს ჯგუფი არ მოსწონს მერიას, რომელიც ამუშავა ამდენი ხანი,“ - განაცხადა გაბაშვილმა.

პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქალაქის მერიას აღნიშნული გეგმის მიღება არ უნდა.

„ამ გეგმის ამოქმედება ნიშნავს, რომ ვიღაცები ფულს ვეღარ გააკეთებენ, სტადიონების, სკვერების გაჩეხვას,  კლდეებს ვეღარ მოჭრიან. ამას ნიშნავს ეს გეგმა და ეს არის უკვე ორჯერ ორი ოთხი, იმიტომ, რომ თუ არ მოგწონს ეს გეგმა, გინდა, რომ ეს გეგმა უკეთესი გახდეს, მაშინ რეალური განხილვები მოაწყვე. მაშინ ამ ხალხს მოუსმინე, დაუძახე დაინტერესებულ ადამიანებს, პროფესიონალებს და არ მოაწყო ის ბალაგანი, ძველბიჭურ, ქაჯურ, პროვინციული, რაც მოაწყეს,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ეკონომიკის, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია აღნიშნავს, რომ გენგეგმის ავტორებიდან დეტალური ინფორმაციის მიღებას ითხოვენ, რადგან გეგმის გარკვეული ნაწილი არგუმენტირებული არ არის.

დღის ამბები