18 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
​თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები გამოკითხვაზე იმყოფებიან

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

როგორც გამოკითხვაზე შესვლამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მათ გამოძიებასთან კითხვები აქვთ. კერძოდ საქმე თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ყუმბარის არსებობას ეხება. 

„იმ ღამეს მქონდა უფლება, გამეგო, რა ხდებოდა. მე ვიყავი ისევე თავისუფლება აღკვეთილი, აყვანილი, შეიძლება ითქვას, მძევლად. არანაირი საშუალება მქონდა, ჩემს შვილს რა დამართეს და რა ხდებოდა. შეიძლება, მე რომ გამეგო ეს ყველაფერი, მე ვუშველიდი რამენაირად,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ოჯახის ადვოკატის თქმით, მაჩალიკაშვილებს ასევე აინტერესებთ იარაღის ბალისტიკური ანალიზის პასუხი. 

„იარაღის საკითხი, რომელიც თითქოსდა, დაზიანებული იყო და გასაჯაროვდა სპეცრაზმელის ჩვენება იმ ნაწილში, რომ იარაღი დაზიანებული იყო და მასრამ გაჭედა, ეს არის სიცრუე, ვინაიდან შემოწმებულ იქნა ეს იარაღი, სწორედ დაზიანებული ნაწილი იქნა გამოთხოვილი და ამ დაზიანებული ნაწილით თავისუფლად ისვრის იარაღი,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრებს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

პანკისის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები გამოკითხვაზე პირველად იმყოფებიან.

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელ ოთახში მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ის ხელყუმბარის გამოყენებას აპირებდა, რა დროსაც, სპეცრაზმელმა მას თავში ესროლა.

დღის ამბები