აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც 70 ქვეყანაა მიმოხილული, მათ შორის, საქართველო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „2017 წელს საქართველოს ხელისუფლებას არ დაუფიქსირებია დიდი ოდენობით უკანონო ნარკოტიკების ამოღების შემთხვევები. საქართველოს მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დაახლოებით 50,000 ნარკომომხმარებელია. მეტადონი, ჰეროინი და ბუპრენოფრინი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია საქართველოში და ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარების შემთხვევები იზრდება. 2017 წლის კვლევამ აჩვენა ნარკოტიკების მოხმარების ზრდა ახალგაზრდებს შორის, 11%-ით კი მარიხუანას მოხმარების ზრდა დაფიქსირდა“.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის საქართველომ პოლიციის ატაშეები გააგზავნა 13 ქვეყანაში, რათა ხელი შეუწყონ გამოძიებებს.
ასევე, ყურადღება გამახვილებულია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ფულის გათეთრების საკითხზე. თუმცა, ისიც არის ნათქვამი, რომ ნარკოტიკების, გამოძალვის, მასობრივი განადგურების იარაღის, ტრეფიკინგის, პროსტიტუციისა და კონტრაბანდის საქმეებზე გამოძიება იშვიათად მოიცავს ფინანსურ კომპონენტებს.
„საქართველოს პროკურორებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირების გამომჟღავნებას. 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, ფულის გათეთრების ბრალდებით 31 პროცესი და 8 გამამტყუნებელი განაჩენი დაფიქსირდა,“ - ნათქვამია ანგარიშში.