18 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
ჯაბა ხულორდავას სჭირდებოდა რეზონანსი - ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ირაკლი ქორიძის ადვოკატი

ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული კატასტროფის მედიცინის ცენტრის დირექტორისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. ირაკლი ქორიძე თავს დამნაშავედ არ სცნობს.

კურიერის ინფორმაციით, ირაკლი ქორიძე წარსულშიც ნასამართლევია ნარკოდანაშაულისთვის. ის 2010 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებებით დააკავეს.

ამ ინფორმაციას მისი უფლებადამცველიც ადასტურებს. ადვოკატის თქმით, ის 2012 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

ადვოკატის თქმით, საქმეში მხოლოდ ერთი პირის, ჯაბა ხულორდავას, ჩვენება არსებობს, რომელმაც ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ ჩვენება ბრალის შემსუბუქების გამო მისცა.

ადვოკატის თქმით, როდესაც ირაკლი ქორიძე სასჯელს იხდიდა, ჯაბა ხულორდავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბადრაგად მუშაობდა.

„არის ერთადერთი მტკიცებულება, ერთი წლის წინანდელი ჯაბა ხულორდავას ჩვენება, რომელიც, ასე ვთქვათ, „გაშიფრავს“ დანაშაულებრივ გეგმას, ვითომდა, მან, გიორგანაშვილმა და ქორიძემ რაღაც სქემა შეიმუშავეს და თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რაც არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ხულორდავას რეზონანსულობა სჭირდებოდა.

„ხულორდავას სჭირდებოდა რეზონანსი, ხულორდავას სჭირდებოდა ადამიანი ისეთი, ვის სანაცვლოდაც მიიღებდა შეღავათს და ასეთი ადამიანები გიორგანაშვილსა და ქორიძეზე უფრო მეტად საზოგადოებისთვის ცნობილი ადამინები ვერ იქნებოდა და არც იყო. შესაბამისად, იმისთვის, რომ რეზონანსი გამოეწვია და საგამოძიებო ორგანოსთვის ღირებული ყოფილიყო ინფორმაცია, ამ ადამიანებს დაადო ხელი,“ - განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.

ბრალი უმძიმდება „ბახალას“, რომელსაც სამართალდამცველები სწორედ ამ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობასაც ედავებიან. 

დღის ამბები