18 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
პრეზიდენტ გამსახურდიას ორი პირადი მცველის კვალს ოჯახი უკვე 24 წელია, ეძებს

პრეზიდენტ გამსახურდიას ორი პირადი მცველის კვალს ოჯახი უკვე 24 წელია, ეძებს. ვაჟა ჭინჭარაული და ირაკლი გოგაძე 1993 წლის ნოემბრის ბოლოს სამეგრელოს ტყეში გაუჩინარდნენ.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ გამოძიება შეგნებულად არ ტარდება. 8 წლის წინ პირადი მცველების გაუჩინარების სავარაუდო ადგილზე ადამიანის ძვლები იპოვეს, თუმცა, ექსპერტიზამ ვერ დაადგინა, ეკუთვნის თუ არა ის ვაჟა ჭინჭარაულსა და ირაკლი გოგაძეს.

ჟურნალისტმა ირაკლი შონიამ პრეზიდენტის პირადი მცველების გაუჩინარების საქმეზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მოწმეები, რომლებსაც ის ესაუბრა, ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევიან, ამიტომ ჟურნალისტის პროკურატურის ოფიციალური ვერსიის არ სჯერა.

დავით ქარდავა ერთ-ერთი იყო, ვინც ჩვინარეშის ხეობაში ვაჟა ჭინჭარაული და ირაკლი გოგაძე ბოლოს ნახა. იხსენებს, როგორ გააცილა ამ ბანაკიდან ორი დღის შემდეგ ცხენებზე ამხედრებული ახალგაზრდები, თუმცა, მათ ქარდავასთვის არ უთქვამთ, რა მიზნით დატოვეს ტერიტორია.

პირადი მცველების გაუჩინარების შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ პირველი პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მაშინ ბადრი ზარანდიას დაჯგუფების წევრებმა გაანეიტრალეს.

ჩვინარეშის ხეობის დატოვების შემდეგ, სავარაუდოდ, პირველი პრეზიდენტის პირადი მცველები წალეჯიხის რაიონში, გრამიტონ კვარაცხელიას მიტოვებულ სახლში, დაბანაკდნენ. ღამის 12 საათზე სოფელი ნაკიფუ სროლის ხმამ გააღვიძა. ადგილობრივები კურიერთან ყვებიან, რომ ორმხრივი სროლა დიდხანს გრძელდებოდა. მაშინ მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები დატოვა და ტყეში გაიხიზნა. მეორე დილით სოფლებში დაბრუნებულებს გრამიტონ კვარაცხელიას სახლი დამწვარი დახვდათ.

ტრაგედიიდან 24 წლის შემდეგ პირველი პრეზიდენტის პირადი მცველის და ითხოვს, რომ დადგინდეს, არის თუ არ აღნიშნული ძვლები მისი ძმის და ოჯახს გადასცენ.

დეკემბერში მომხდარიდან 25 წელი გადის და შესაბამისად, საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურება. ამის შემდეგ 8 ძვალს, რომელიც, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდისგან დარჩა და ამ დრომდე პროკურატურაში ინახება, უცნობთა სასაფლაოზე, მუხათგვერდში დამარხავენ.

დღის ამბები