ამ დრომდე გადაკეტილია ცენტრალური გზა მესტიაში - ადგილობრივები მესტია-ჭალა ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და სპეცტექნიკას მშენებლობამდე მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მესტიის შესასვლელში, სოფელ ლენჯერში ადგილზე რჩება სპეცდანიშნულების რაზმი. მესტიის ცენტრში მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდა მოსახლეობა, რათა სამართალდამცველებს გზა არ გაეხსნათ.
ისინი სამშენებლო სპეცტექნიკის უკან დაბრუნებას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ ისინი მოატყუა და მცირე ჰესის სანაცვლოდ მასშტაბური ჰესი შენდება.
აქციის მონაწილეებს ღამით რამდენჯერმე შეხვდა შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელთან ერთად, თუმცა უშედეგოდ. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება სპეცდანიშნულების რაზმს გამოიყენებს, ადგილობრივები სვანეთში არეულობას პროგნოზირებენ.