30 დეკემბერი 2024,   20:12
ვრცლად
ევროპაში დასაქმების დაპირება - საქართველოს 15 მოქალაქე იამზე ხარაბაძეს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს

თაღლითობის სქემად ქცეული ევროპაში დასაქმების დაპირება. საქართველოს 15 მოქალაქე იამზე ხარაბაძეს ტყუილ დაპირებასა და თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს.

რამაზ ლომიძე საკუთარი თანხის დაბრუნებას რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობს. 1000 დოლარი მან ბანკიდან გამოიტანა და პოლონეთში დასაქმების მიზნით შუამავალს, იამზე ხარაბაძეს პირადად გადასცა. შუამავალი ჰპირდებოდა, რომ თვეში ანაზღაურება 800 დოლარი ექნებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ვარშავაში ქართველ ემიგრანტს არავინ ელოდა, არც სამსახური. რამაზ ლომიძე გვიყვება რომ იამზე ხარაბაძემ ისიც და მასთან ერთად წასული 6 ახალგაზრდაც აეროპორტშივე მიატოვა. მის მიერ გამოგზავნილმა მამაკაცმა კი ისეთ სამსახურში მიიყვანა, სადაც ხელფასიც არ მისცეს.

ანალოგიურ ისტორიას ყვება ნიკა ბალავაძე ბათუმიდან. ორგანიზებულ თაღლითურ ჯგუფზე საუბრობს იამზე ხარაბაძის მიერ დაზარალებული კიდევ ერთი პირი. გიორგი ლომიძემ ასევე პოლონეთში დასაქმებისთვის 1350 დოლარი გადაიხადა. გვიყვება, რომ ჯგუფში 10 ადამიანი იყო. ხარაბაძემ ისინიც აეროპორტში დატოვა.

იამზე ხარაბაძემ სატელევიზიო ინტერვიუზე უარი განაცხადა. ამბობს, რომ პოლონეთში დასასაქმებლად 54 ადამიანი ყავს გაგზავნილი და არცერთს პრობლემა არ ჰქონია. რაც შეეხება თანხის უკან დაბრუნებას, იამზე ხარაბაძე ამბობს რომ ამას არ აპირებს.

დაზარალებულები რეაგირებას სამართალდამცველი ორგანოებისგან თხოვენ.

დღის ამბები