არასამთავრობო სექტორი ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, ლინა ღვინიანიძე აღნიშნავს, რომ მთავრობამ გარკვეული გადაწვეტილებები დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს.
„უნდა დადგეს პოლიტიკური გუნდის, მათ შორის, ქუმსიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი,“ - აცხადებს ღვინიანიძე.
ღვინიანიძეს იმედი არ აქვს, რომ გამოძიების შედეგად კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რის ეჭვსაც ამ დრომდე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამოძიების შედეგები აძლევს.
„იმ კომენტარებმა, რომელიც საწარმოს მხრიდან და სხვა აქტორებისგან ვრცელდებოდა აჩვენებს იმას, რომ საწარმო ცდილობს, მთლიანად ბუნებრივ მოვლენებს დაუკავშიროს და ამით გამორიცხოს მისი პასუხისმგებლობა და მეორე მხრივ, აქცენტი კეთდება მხოლოდ გამოძიებაზე, რაც, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი, თუმცა, აქამდე ყველა შემთხვევა, დაღუპვა თუ დაშავება შახტში გვარწმუნებს იმაში, რომ გამოძიება არასდროს ეფექტიანი არ არის და არასდროს არავინ არ ისჯება,“ - განაცხადა ღვინიანიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრი, გიორგი არობელიძე აღნიშნავს, რომ შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
„დიმიტრი ქუმსიშვილი და მისი უწყება წლებია, აფერხებენ რაიმე ტიპის წინსვლას სწორედ უსაფრთხოების და შრომითი უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ბუნებრივია, როდესაც ასეთი ტრაგედიების ხდება, ადამიანებმა უნდა აიღონ თავზე პასუხისმგებლობა და პირველი, ვინც ეს უნდა გააკეთოს, სწორედ, დიმიტრი ქუმსიშვილია,“ - განაცხადა არობელიძემ.
აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები დღეს თბილისსა და ქუთაისში სოლიდარობის აქციის გამართვას გეგმავს.
გუშინ გამთენიისას მინდელის შახტში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.