"ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს, თუმცა ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ," - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ყურადღება თავის სააღდგომო ეპისტოლეში, რომელიც გვიან ღამით, სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს გააცნეს.
“ფაქტია, ყველას გვინდა ძლიერი, განვითარებული ქვეყანა გვქონდეს. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ საზოგადოებაში სწორ ღირებულებათა სისტემა იარსებებს და ამ საფუძველზე მოხდება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემების მოგვარება. დეზორიენტირებული საზოგადოება კი ქაოსში ჩაიძირება და სახელმწიფოს დიდად დააზარალებს. მიგვაჩნია, რომ, მართალია, ეკლესია და სახელმწიფო ინსტიტუციონალურად ერთმანეთისაგან გამიჯნული უნდა იყოს და არის კიდეც, მაგრამ ქვეყნის შენების საქმეში აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ,“ - ნათქვამია ეპისტოლეში.