საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და მთავრობის სამშვიდობო გეგმა-ეს იყო სახელმწიფო მინისტრის მოხსენების მთავარი თემა ბათუმში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სამშვიდობო პაკეტის სამ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა შორის არის ვაჭრობა და განათლების ხელმისაწვდომობა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივების სამშვიდობო პაკეტი სამი ძირითადი მიმართულებით შეიცავს ბევრ სიახლეს. პირველი ეხება ვაჭრობის წახალისებას გამყოფი ხაზების გასწვრივ. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ეხება განათლების შესაძლებლობების გაფართოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. ეს ეხმიანება განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის ინტერესს იმიტომ, რომ განათლება და ხარისხიანი განათლება არის წინაპირობა იმისა, რომ მათ ჰქონდეთ უკეთესი მომავალი. მესამე გახლავთ სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობის გაფართოება, მათ შორის სტატუს ნეიტრალური მექანიზმებით,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სამ-დღიანი სემინარი დღეს გაიხსნა. მონაწილეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ.