არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამოძიება ჩიხში შევიდა. უკვე 40 დღეა, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დასკვნის დადებას ვერ ახერხებს. პროკურატურა კი ამ დრომდე საქმეში ოფიციალურად ჩართულ დამოუკიდებელ ექსპერტს დოკუმენტაციას არ აძლევს, რაც წამების მსხვერპლთა დახმარების ცენტრს ეჭვებს უჩენს.
იმის გამო, რომ ექსპერტიზა ჩიხშია, ქართულმა მხარემ საოკუპაციო რეჟიმს ტატუნაშვილის გულისა და თავის ტვინის გადმოცემა სთხოვა, რომელიც ოკუპანტებმა ცხედარს ცხინვალის პროზექტურაში ამოაცალეს, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
დამოუკიდებელი ექსპერტი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ რანგის საქმეს უნდა იძიებდეს მთავარი პროკურატურა.
მისივე თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება საქმე მაღალი სტანდარტებით გამოძიებული, თუ საერთაშორისო დონის გამოძიება და ექსპერტიზა ჩატარდება.
მისივე თქმით, გაუგებარია, რატომ არ მიუთითა ექსპერტიზამ შუალედურ დასკვნაში, რომ გამოეთხოვათ ცხედრისთვის ამოცლილი ორგანოები.
„თუ იმ სტანდარტებით იხელმძღვანელებენ, საბჭოთა კავშირის პერიოდში რომ დაწერეს და დღეს რომ ხელმძღვანელობს პუტინის რეჟიმი და ჩვენი ექსპერტიზა ერთობლივად, მაშინ ვერაფერი ვერ დადგინდება. როგორც ვითარდება მოვლენები, ელოდებიან ამ ორგანოებს და ქსოვილოვან მასალას და შემდგომში, ალბათ, იმსჯელებენ სიკვდილის მიზეზზე. მაგრამ ეს პროცედურა მთლიანად არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს. ვინაიდან, თუკი ექსპერტიზას ჰქონდა პრობლემა, ეს პრობლემა უნდა დასკვნაში ასახულიყო. დაწერილიყო შუალედური დასკვნა, რომლითაც გამოთხოვილი იქნებოდა ოფიციალურად გარკვეული სახის მასალა,“ - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.