საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ხელფასების შესახებ ინფორმაციას, ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება.
კაკაბაძემ არხის გენერალურ დირექტორს ოფიციალური განცხადებით მიმართა და ინფორმაცია გამოითხოვა.
ნინია კაკაბაძე აცხადებს, რომ მისი კანონიერი უფლებაა იცოდეს თანამშრომელთა ხელფასების შესახებ, თუმცა ამ ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ აქვს და კონფიდენციალურობის დარღვევას არ აპირებს.
„ისინი ამბობენ, რომ მე არ მაქვს უფლება ამის ნახვის და მე მათ პირად სივრცეს ვარღვევ რაღაცნაირად. მათ პირად სივრცეში მე არ ვიჭრები, ისინი არიან საჯარო სამსახურში. ჩემი კანონიერი უფლებაა, ვიცოდე ამ ხელფასის შესახებ და მე მხოლოდ და მხოლოდ ვითხოვ იმას, რის უფლებასაც მაძლევს კანონი. ცხადია, ეს კანონი იქვე აღნიშნავს, რომ მე არ მაქვს ამ ინფორმაციის გასაჯაროების უფლება და არც ვაპირებ. რაც შეეხება, ზოგადად, ის, რომ მე აქ რაღაცის გასაფუჭებლად მოვედი, რთულია სერიოზულად ვუპასუხო. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გავიგო რა ხდება შიგნით და რაც მთავარია, რაც შეიძლება აქტიურად ეს ინფორმაცია მივაწოდო ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და არ იყოს ჩაკეტილი ვასილ მაღლაფერიძის კაბინეტში,“ - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
იმ შემთხვევაში თუ მაუწყებელი ინფორმაციას უახლოესი დღეებში არ გასცემს, ბორდის წევრი არ გამორიცხავს სამართლებრივ გზებს მიმართოს.