ახალი მტკიცებულებები საკვებით მომარაგების ტენდერებში კორუფციული გარიგებების შესახებ. საქმე კვლავ ცნობილ კომპანია "ნილს" ეხება, რომელიც საკვებით საბავშვო ბაღებს და უფასო სასადილოებს ამარაგებს.
დოკუმენტში წერია, რომ უფასო სასადილოებში, კონტრაქტით შეთანხმებულ საკვებზე 20%-ით ნაკლები მზადდება, თუმცა მერია ფულს სრულად იხდის.
მერიის აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც ასობით მოქალაქე უფასო სასადილოს რიგში დგას და მათ სადილზე მერია უარს უსახსრობის გამო ეუბნება, საკვებს იღებენ ისეთი ოჯახები, რომელთა ფინანსური შესაძლებლობები ეჭვებს ბადებს. მაგალითად, ერთი ულუფა საკვების მისაღებად მოქალაქეთა ნაწილი ტაქსით ან საკუთარი ავტომობილით მიდის. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მერიის დასკვნითვე, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
სავარაუდოდ, კონტრაქტორი ფირმის ხელმძღვანელობას პასუხების გაცემა პროკურატურისთვის მოუწევს. თბილისის მერი ამბობს, რომ შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა ამის შემდეგ დაინტერესდება და დამნაშავეებს აუცილებლად დასჯის.
უფასო სასადილოებში არსებულ დარღვევებზეა საუბარი სახალხო დამცველის ანგარიშშიც.
შპს „ნილში,“ რომელიც საბუთების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველიც არის, განმარტებებს არ აკეთებენ.