„ქართული ოცნების“ ოფისში რამდენიმე წუთში პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც 5 რაიონული ორგანიზაციის - გლდანის, სამგორის, კრწანისის, დიდუბის და მთაწმინდის ხელმძღვანელს დაასახლებენ. პარტია ყრილობისთვის სამზადისს ასრულებს, რომელიც 11 მაისს გაიმართება.
ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოფიციალურად უნდა აირჩიონ და ასევე ახალი პოლიტსაბჭო უნდა დაამტკიცონ.
„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ პარტია განახლებისთვის მზად არის.
„პარტიაში იწყება რეფორმების ახალი ტალღა, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში. სწორედ ამ მიზნით პარტიულ კონფერენციებზე მოხდა ყველგან გუნდების განახლება, ბიუროს წევრების შემადგენლობების განახლება. დამტკიცდნენ ბევრგან ადგილობრივი ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარეები. ეს პროცესი შეიძლება ითქვას, რომ ხვალ დასრულდება და ჩვენი პარტია „ქართული ოცნება“ მზად იქნება ყრილობისთვის,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პარტია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება.
„მას შემდეგ რაც პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში დაბრუნდა და მას შემდეგ, რაც განახლდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა, იქნება გარკვეული ცვლილებები და ეს ცვლილებები, ეტაპობრივად, უკვე მტკიცდება პარტიული წარმომადგენლობითი თვალსაზრისით. ჩვენ ვემზადებით საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა და დამაჯერებელი გამარჯვების ძალიან დიდი იმედი გვაქვს,“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.