17 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
11 საათიანი მწვავე დაპირისპირება - ლგბტ თემის მხარდამჭერები ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ გაიმართება თუ არა ხვალ აქცია

ხმაურიანი შეხვედრა „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისში - მხარეებმა რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების მიუხედავად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. კვლავ უცნობია გაიმართება თუ არა ხვალ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში უკვე 11 საათია მიმდინარეობს. დაპირისპირების გამო ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ კი ოფისი მოლაპარაკებების დასრულებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე ამბობს, რომ მწვავე დისკუსიის მიუხედავად ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისივე თქმით, ხვალ დილით გაკეთდება განცხადება, რის შემდეგაც გაირკვევა შეიკრიბებიან თუ არა ლგბტ თემის მხარდამჭერ აქციაზე, შეხვედრის დღევანდელი მონაწილეები.

სისხლისღვრის თავიდან აცილების აუცილებლობასა და პასუხისმგებლობაზე საუბრობს „ჩვენი თავისუფლებისათვის“ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დავით სუბელიანი. მას შეხვედრის შემდეგ არ დაუზუსტებია ჩატარდება თუ არა ხვალ აქცია, თუმცა აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზატორებს დიდი პასუხისმგებლობა აქვთ.

„ამ 17 მაისს წინ უძღოდა ეს ვიქენდი, როდესაც ტემპერატურამ აიწია, ადუღდა და გაჩნდა მოსაზრება -თუ ვიქნებით ქუჩაში შეიძლება იყოს სისხლისღვრა. იმიტომ, რომ შსს-მ გვითხრა: მე თქვენ ეფექტურად  ვერ გიცავთ.რაღაც მომენტში მე მიწევს ან ერთი მხარის დარბევა ან  მეორე მხარის დარბევა და ეს ადებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას თითოეულ ჩვენგანს. მე პირადად ვფიქრობ, რომ არის მიზანმიმართული. ან შექმნილი მდგომარეობის ძალიან კარგად გამოყენებასთან გვაქვს საქმე ხელისუფლების  მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს ამას მნიშვნელობა მიზანმიმართულია თუ არამიზანმიმართული, ჩვენ გვმართებს ყველას, ვისაც გვაქვს საპროტესტო ენა, ვისაც გაგვაჩნია  აქციების პოტენციალი , ვინც ვატარებთ აქციებს რომ შეიცვალოს ქვეყანაში რაღაცა, ჩვენ ყველას გვმართებს რომ დავფიქრდეთ. იმიტომ, რომ ეს არის ერთიანი გასაჭირი.,“-განაცხადა დავით სუბელიანმა

დღის ამბები