500 კილო ვოლტი ქვესადგური ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების ქარხნისთვის - საქართველოს ელექტრო სისტემამ სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად გლდანში, 3 ჰექტარი მიწის ფართობის გამოყოფის თხოვნით მერიას მიმართა.
თბილისის მერიამ უკვე გამოსცა განკარგულება, საქართველოს ელექტრო სისტემას კი მზად აქვს ქვესადგურის პროექტი.
ამავე მიმართვის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ იგეგმება ბიტკოინების საწარმოს გაფართოებაც, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ ზონას ეკუთვნის. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ახალ ქვესადგურს ივანიშვილის ბიტკოინების ფერმისთვის აშენებენ, ფული კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიზნესის განვითარებისთვის ხალხმა უნდა გადაიხადოს.
თბილისის მერმა გლდანში მიწის ფართობის გამოყოფის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა თუმცა უარყო, რომ ქვესადგური ივანიშვილის ბიტკოინების საწარმოსთვის შენდება.
გლდანის ქვესადგურამდე ქვეყნის მოსახლეობას უკვე დაუჯდა ერთი მილიონი ლარი თაბორის მთასთან ახალი ქვესადგურის მშენებლობა. ელექტროგადამცემი სისტემა ბიძინა ივანიშვილის ტერიტორიას ესაზღვრება და ოპოზიცია მაშინაც ამტკიცებდა, რომ პროექტი ექსპრემიერის ბიზნესისთვის განხორციელდა. თუმცა მაშინაც და ახლაც მთავრობაში ამბობენ, რომ ქვესადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მოსახლეობას მოხმარდება.