17 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
"საზოგადოებასთან არაფერი მაქვს დასამალი, თუ მათაც არ აქვთ დასამალი, შემხვდნენ ღია სივრცეში"- ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის შეთავაზებას პასუხობს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის განცხადებას ეხმაურება.

ზაზა სარალიძე მზად არის მიიღოს ირაკლი შოთაძის შეთავაზება და მასთან შეხვედრა გამართოს.

სარალიძე ფიქრობს, რომ მთავარ პროკურორთან შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება, თუმცა აცხადებს, რომ ამ შეხვედრაზე მაინც მივა და შოთაძე მკვლელობის საქმის ირგვლივ არსებულ ყველა დეტალზე საკუთარ ინფორმაციას მიაწვდის.

ზაზა სარალიძის თქმით, მას არაფერი აქვს დასამალი და შეხვედრა დახურული არ უნდა იყოს. მისივე თქმით, თუ ირაკლი შოთაძეც მზად იქნება ღიად ისაუბროს ამ მკვლელობის საქმეზე მაშინ შეხვედრის გასაჯაროებაზე იცის დათანხმდება.

„რა განაცხადიც მოვისმინე ბატონი შოთაძისგან აბსოლუტურად იგივე ადგილის ტკეპნა არის პროკურატურის მხრიდან ჩემს მიმართ. არანაირ სიახლეს არ ველოდები, მაგრამ მაინც თანახმა ვარ მოვუსმინო და გავუზიარო ის წარმოდგენა ამ საქმესთან დაკავშირებით და დავუდო ის დეტალები რასაც დღეს პროკურატურა მალავს.

მინდა აღვნიშნო, რომ არ მინდა, ეს შეხვედრა იყოს დახურულ ფორმატში იმიტომ რომ მე საზოგადოებასთან არაფერი მაქვს დასამალი, თუ მათაც არ აქვთ დასამალი, შემხვდნენ ღია სივრცეში“- აცხადებს ზაზა სარალიძე.

მთავარმა პროკურორმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. ირაკლი შოთაძის თქმით, ის მზად არის, პირადად უპასუხოს ზაზა სარალიძის შეკითხვებს.

მთავარი პროკურორი ამტკიცებს, რომ ყველა ის პირი, ვისი პასუხისმგებლობაც გამოკვეთილია ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე, უკვე მიცემულია პასუხისგებაში.

დღის ამბები