17 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ანალიტიკოსების აზრით, „რუსთავი 2"-ის მიმართ საპატრიარქოს ბოიკოტი ილია მეორესთან შეთანხმებული არ იყო

საპატრიარქომ განცხადება, რომლითაც „რუსთავი 2"-ს დაუპირისპირდა და არხს ბოიკოტი გამოუცხადა, ილია მეორის თბილისში არყოფნის პერიოდში გაავრცელა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბობოყვათის რეზიდენციიდან თბილისში დღეს დაბრუნდა.

საპატრიარქოს განცხადების შემდეგ ანალიტიკოსები ეჭვობენ, რომ მკაცრი ტონით დაწერილი ბოიკოტი „რუსთავის 2"-ის მიმართ ილია მეორესთან შეთანხმებული არ იყო.

„კურიერის“ ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს განცხადება წმინდა სინოდის წევრების დიდი ნაწილისთვის არ შეუთანხმებია.

განცხადების ტექსტის დაწერაში უშუალოდ მოსაყდრე შიო მონაწილეობდა. განმარტებები ქორეპისკოპოსმა საპატრიარქოს განცხადებაზე ალავერდის მონასტერში გააკეთა და გადაცემა „არჩევანის“ სამშაბათის ეთერი მკრეხელობად შერაცხა.

სასულიერო პირები ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ. დღეს არც ერთმა მათგანმა საპატრიარქოს განცხადებაზე „კურიერის“ კამერის წინ განმარტებების გაკეთება არ ისურვა.

სასულიერო პირებს შორის განხილვის თემაა წმინდა სინოდის წევრის, მეუფე იობის წყევლა. გუშინ მღვდელმთავარმა ამბიონიდან გიორგი გაბუნია შეაჩვენა და დაწყევლა.

სასულიერო პირები დღეს ღიად წერდნენ, რომ მეუფე იობს ჟურნალისტის ანათემაზე გადაცემის უფლება არ ჰქონდა, რადგან ამ გადაწყვეტილებას საეკლესიო კრება იღებს. მეუფე იობი დედა სიდონიამ გააკრიტიკა.

მართლმადიდებელი ეკლესიის რადიკალური გადაწყვეტილება სხვადასხვა კონფესიის წამომადგენლებმა შეაფასეს. ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის მღვდელმთავარი ამბობს, რომ საპატრიარქომ საკუთარი განცხადებით ძალადობრივ ქმედებებს გზას უხსნის.

ამავე თემაზე
დღის ამბები