17 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ზეწოლა პატიმარზე და იძულებით აღებული დნმ - შსს განმარტებას აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მე-12 არხის მიერ  სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეო მასალას ეხმაურება, რომელიც ხელვაჩაურის პოლიციის მიერ პატიმარზე ძალადობას ასახავს.

საგანგებო ბრიფინგზე განმარტება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააკეთა.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებულის მიმართ გამოყენებული იყო მოსამართლის მიერ ნებადართული ის ზომა, რომელიც საჭირო იყო პატიმრის წინააღმდეგობის დასაძლევად და დნმ-ს ასაღებად. 

„ბრალდებულ ნ.გ-სგან, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მაისს, იძულებით იქნა აღებული დნმ-ს, კერძოდ ოფლისა და ნერწყვის ნიმუში. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა საგამოძიებო ორგანოს მიერ დაფიქსირებულ იქნა ვიდე ჩანაწერის საშუალებით, რომლის ჩანაწერიც მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და კანონის მოთხოვნათა დაცვით გადაეცა ბრალდებულის ადვოკატს. საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა მოსამართლის განჩინებით ნებადართული ის იძულების ზომა, რაც აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად და მისგან ბიოლოგიური ნიმუშის მისაღებად,“-განაცხადეს შს სამინისტროში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საგამოძიებო ორგანო მოქმედებდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

"ნიმუშის აღების ოქმის და საპროცესო მოქმედების შედეგების, ისევე როგორც სხვა მტკიცებულებების, დასაშვებობაზე მიმდინარე წლის 29 მაისს წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელებს მოსამართლე, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ნ.გ.-ს ასევე ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის. მისი პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 23 ვაზნით და საინექციო შპრიცში გახსნილ მდგომარეობაში არსებული ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა) მუხებით მიმდინარეობს,"-აცხადებენ შსს-ში. 

დღის ამბები