17 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
სკანდალური კადრები სოციალურ ქსელში - გეგუთის ციხის პატიმრის მამის პირველი კომენტარი

სოციალურ ქსელში სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ გეგუთის ციხის პატიმრის მამამ კომენტარი გააკეთა. გოჩა გუბელაძე ყვება, რომ მისი შვილის დაკავებას წინ რამდენიმე შემთხვევა უძღოდა, რაც პატიმრის ოჯახს ბრალდებულზე ზეწოლის საფუძვლიან ეჭვებს უჩენს.

კერძოდ, ნოდარ გუბელაძის მამის ინფორმაციით, დაახლოებით, ერთი თვის წინ სამართალდამცველებმა მის შვილს სახლის გასაღები ჩამოართვეს, რამდენიმე დღეში კი სახლიდან იარაღი და ნარკოტიკი ამოიღეს.

ოჯახის განცხადებით, კადრები, რომელიც გეგუთის ციხეშია გადაღებული, პატიმრისგან სასურველი ჩვენების მიღების მცდელობას ასახავს.

"ტანსაცმელების „შკაფს“ მიადგნენ პირველი, იცოდნენ, ნამყოფები იყვნენ, გამოაცურეს ჩანთა, ავტომატი იყო, მჭიდი, 32 ვაზნა დათვალეს, ჩემი შვილის ტანსაცმელები წაიღეს, ადვოკატთანაც არ დამარეკინეს. თქვი, რომ შენს შვილს წამალი იქიდან გამოაქვსო,“- განაცხადა გოჩა გუბელაძემ.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები გეგუთის ციხეში გაემგზავრნენ დნმ-ის ნიმუშის ასაღებად, თუმცა მას არ უნახავს განჩინება, სადაც მოსამართლე მიუთითებს, რომ სამართალდამცველებს აქვთ უფლება, დნმ-ის ნიმუში აიღონ მსგავსი ძალადობრივი მეთოდებით.

ადვოკატი, პაატა შავაძე აცხადებს, რომ შსს სასამართლოზე აპელირებით ცდილობს, რომ დაფაროს უკანონობა.

მე-12 არხის მიერ  სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეომასალას, რომელიც ხელვაჩაურის პოლიციის მიერ პატიმარზე ძალადობას ასახავს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. 

შს სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებულის მიმართ გამოყენებული იყო მოსამართლის მიერ ნებადართული ის ზომა, რომელიც საჭირო იყო პატიმრის წინააღმდეგობის დასაძლევად და დნმ-ს ასაღებად. 

ამავე თემაზე
დღის ამბები