„პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას იმ ბრალდებულის მიმართ, რომელმაც ნიმუშის აღებაზე უარი თქვა,“- ეს განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გეგუთის ციხეში გადაღებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე გააკეთა, რომელიც ნოდარ გუბელაძისგან დნმ-ის ნიმუშის აღებას ასახავს.
მეზვრიშვილის თქმით, პოლიციელების დისკრედიტაცია დაუშვებელია.
„რა ინფორმაციებიც ვრცელდება ადვოკატის მხრიდან, რომელიც თვითონ ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებას. ის ორი კვირის განმავლობაში ფლობდა ამ ვიდეომასალას და წინასასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, რა მოტივაცია შეიძლება ამოძრავებდეს ადვოკატს. ეს არის არაეთიკური საქციელი. არ შეიძლება პოლიციელების, სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ადამიანები კანონის სრული დაცვით მოქმედებენ,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.