17 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის გაფრთხილება - მოსახლეობამ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლო

სოფელი კირბალის მაცხოვრებლები ლომისობის დღესასწაულს განსაკუთრებულად ელოდებოდნენ. ეს დღესასწაული სოფელ კირბალსა და მიმდებარე სოფლებში ტრადიციულად ვერ აღნიშნეს, რადგან ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლეს. მიზეზი დღესასწაულთან დაკავშირებით უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია.

შესაძლო გატაცებების თავიდან ასაცილებლად, სოფელ კირბალში მთელი დღის განმავლობაში პატრულირებდნენ ქართველი სამართალდამცავები.

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ამოქმედების შესახებ საგანგებო განცხადება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა დილით გაავრცელა. უწყების ცნობით, ცხელი ხაზის მეშვეობით საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მხარე გააფრთხილა, თუ მოსახლეობა სალოცავებსა და საფლავებზე მისვლას გადაწყვეტდა, ოკუპანტები მათ დააკავებდნენ.

ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელი კირბალის ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის წინ ტაძარი სოფელმა საკუთარი სახსრებით აღადგინა. წლევანდელისგან განსხვავებით, კირბალელები საოკუპაციო რეჟიმის გვერდის ავლით ყოველ წელს ახერხებდნენ სალოცავად ტაძარში ასვლას.

ავტორი: იზო ჩუბინიძე 

დღის ამბები