პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციას „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები შეუერთდნენ.
ისინი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მთავარი ლოზუნგია „ნუ მომკლავ!“.
„ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც წელიწადნახევარია, ქუჩაში ვდგავართ სიცივეში, წვიმაში, ქარში, სიცხეში და ვითხოვთ სამართალს. გვეუბნებიან, რომ პოლიტიკურიაო, ჩვენ დღეს მოვედით რათა მხარი დავუჭიროთ ბატონ ზაზა სარალიძეს და კიდევ უამრავ შვილმკვდარ დედას და მამას. შვილმკვდარ მამასაც რომ იმას ეტყვიან, პოლიტიკურიაო, არაპოლიტიკური რაღაა მაშინ, რა არის არ პოლიტიკური. ნუთუ თქვენს შვილებს, ნათესავებს ყველაფრის უფლება აქვს, ნუთუ სხვისი შვილების მოკვლის უფლება აქვთ და ეს ყველას უნდა შერჩეთ. რა ხდება ხალხო, იძვრის ქვეყანა,“- განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.