30 დეკემბერი 2024,   19:55
ვრცლად
სისტემა უსამართლოდ მომექცა მე, მაგრამ ეს უსამართლო სისტემა გაცილებით დაუნდობელი აღმოჩნდა ზაზა სარალიძისთვის - დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართვა 

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილებს დეკანოზის წერილი გააცნო. მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგი მამალაძე შვილმკვდარი ოჯახების წევრებს თანაუგრძნობს და იმედს გამოთქვამს, რომ სისტემა აღარავის გაანადგურებს.

დეკანოზის თქმით, მას სისტემა უსამართლოდ მოექცა, თუმცა, დეკანოზის თქმით, ზაზა სარალიძესთან მიმართებით სისტემა უფრო დაუნდობელი იყო.

„საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა უსამართლოდ მომექცა მე, მაგრამ ეს უსამართლო სისტემა გაცილებით დაუნდობელი აღმოჩნდა ზაზა სარალიძისთვის. ზაზა სარალიძე ჩემთვის არის მამობრივი სიყვარულის და მამობრივი თავგანწირვის სიმბოლო. ამ ადამიანმა გადაიტანა შვილის სიკვდილი, მაგრამ ვერ ეგუება და ვერ შეეგუება იმ სიცრუეს და ბუნდოვნებას, რაც პროკურატურამ მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნა. დღეს მე ჩვეულებრივად არ ძალმიძს თქვენს გვერდით ვიდგე, მაგრამ ჩემი ფიქრები და ლოცვა თქვენ გეძღვნებათ, მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა და მწუხარება თანამოზიარება დავუდასტურო მალხაზ მაჩალიკაშვილს, ვაჟკაც ქისტ კაცს, ასევე ყველა ჭირისუფალ მშობელს. მოგმართავთ თქვენ, ადამიანებს, რომლებიც მედგრად დგახართ ადამიანების გვერდით, დღეს თითოეული თქვენგანი არის სამართლიანობის მხედარი... ღრმად მწამს, რომ თქვენი ღვაწლი არის გარანტია იმისა, რომ ამიერიდან ეს სისტემა ვეღარავის ვეღარასდროს გაანადგურებს,“ - აღნიშნულია დეკანოზის წერილში.

დღის ამბები