17 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
არა მარტო პოლიტიკურ პარტიები, არამედ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა ადამიანი, ჩემნაირი გლეხი მოვიდეს და დავდგეთ ერთიანად - ზაზა სარალიძე

"ნუ მომკლავ!" - აქცია ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობასთან დღეს 18:00 საათიდან განახლდება. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქციის მონაწილეები უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბებიან. აქციის მონაწილეები იმ სისტემის შეცვლას მოითხოვენ, რომელიც, მათი თქმით, დანაშაულს არ იძიებს და მკვლელებს მფარველობს.

პარლამენტის შენობასთან ინციდენტი მოხდა. იმ კარავში, სადაც აქციის მონაწილეების ნაწილი იმყოფება, მოქალაქე შევიდა და მათ განუცხადა, რომ აქცია მართულია პოლიტიკური პარტიის მხრიდან, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. ამ ადამიანმა ტერიტორია უკვე დატოვა და ვითარება განიმუხტა.

პარლამეტთან იმყოფება ზაზა სარალიძე, რომელიც მზადაა პოლიტიკოსებთან კონსულტაციებში ჩაერთოს.

„არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისაც სურვილი ექნება, ყველა ადამიანი, ჩემნაირი გლეხი მოვიდეს და დავდგეთ ყველა ერთიანად, რათა ეს სისტემა დავანგრიოთ. არანაირ პოლიტიკასთან შეხება მე არ მაქვს, მაგრამ უკვე ვიგრძენი ის, რომ მარტო ხალხმა ჩვენ სამართალს ვერ მივაღწიეთ. არანაირი მოთხოვნა არ შეიცვლება. რა პარლამენტის საგამოძიებო ჯგუფი, მანქანა, როდესაც ჩიხში შედის და იქ მოსაბრუნებელი არ არის, უკან ხომ უნდა წამოვიდეს ეს მანქანა. თუ ყველა გამომძიებელი არ ალაპარაკდა, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა, თუ ყველაზე ზედამხედველი არ ალაპარაკდა, ვინ დაავალა ეს, ეს საფეხურები მიდის ზევით. ახლა ველოდები ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ის ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, თუ ჩათვლიან საჭიროდ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ისინიც მოვიდნენ. ჩემთვის პრობლემა არ არის. დავსახოთ სტრატეგიული გეგემა, რომლის მიხედვით, ვიმოძრავებთ. აქ აუცილებლად უნდა დაისაჯოს ჩემი შვილის მკვლელები და არა მარტო მკვლელები, ის ადამიანები, ვინც დაფარა, გააყალბა, ყველა ექსპერტი, გამომძიებელი, პროკურორი, ვინც ამ საქმეს მფარველობდა,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მოკლული დავით სარალიძის მამასთან ერთად იმყოფება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

"მე სიტყვა მივეცი ზაზა სარალიძეს, სანამ შენ იდგები, მე შენ გვერდით ვიქნები. ვიღაც ხომ უნდა ჩაერთოს ამ დანაშაულებრივი ჯგუფების გამოსავლენად, ვიღაც ხომ უნდა იყოს ამ ქვეყნის პატრონი. მე არც პარტიებს ვიცნობ და არც პარტიის რიგებში ვყოფილვარ. მე ვიცნობ ქართველ ხალხს. ჩემ გვერდით დგას ქართველი ხალხი. ნებისმიერ პოლიტიკოსთან დავჯდები ოპოზიციის და არა ამ მთავრობის,“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

პარლამენტის შენობასთან იმყოფება აქციის ორგანიზატორი, ზვიად კუპრავამ.

„რთული პროცესები გამოვიარეთ მე, ზაზამ და ბატონმა მალხაზმა. იყო სამი დღის განმავლობაში მასშტაბური ორგანიზებული შეტევა მთელი სახელმწიფოს მხრიდან, მისი ძალოვანი უწყებების, სუს-ის, უშიშროების, შსს-ს თუ სხვა დანაყოფების მხრიდან, ჩვენ მთლიანად სუს-ის ალყაში ვიმყოფებოდით,“- განაცხადა კუპრავამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები