საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს. რამდენიმესაათიანი კონსულტაციების შემდეგ, რომელიც სხვადასხვა პარტიის ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართეს, ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ ისინი გვერდით დაუდგებიან ყველა შვილმკვდარ მშობელს იმისთვის, რომ აღდგენას სამართლიანობა. მათივე თქმით შემუშავებულია საერთო სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც კონსულტაციებს რამდენიმე დღე კიდევ გააგრძელებენ.
„ყველანი ერთად ვართ დღეს ის სადაც არიან ბატონი მაჩალიკაშვილი და ბატონი სარალიძე და ვდგავართ ბოლომდე მათ გვერდში,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ.
შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიები შეუერთდებიან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას.
„ჩვენ ყველა ვიქნებით აქციაზე, ვიქნებით ზაზას გვერდით. ისევე როგორც ამ დღეების განმავლობაში ვიდექით და მხარს ვიჭერდით. იქნებ საინფორმაციო მიტინგი, იქნება სოლიდარობის მიტინგი,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა.
პოლიტიკური პარტიების წევრები ამბობენ, რომ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ წარმოთქმულ ყველა მოთხოვნას ისინი პოლიტიკურად გაუმყარებენ ზურგს.
„აუცილებლად ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. არ დავაჩაგვრინებთ ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში შვილ მოკლულ მამებს,“-განაცხადა ახალი „საქართველოს ლიდერმა“ გიორგი ვაშაძემ.