„მოქმედმა იუსტიციის მინისტრმა თავი უნდა აარიდოს და არ მონაწილეობდეს მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესში და თუ საჭირო იქნება საერთოდაც თანამდებობაც დატოვოს,“ - ეს განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორმა, ეკა გიგაურმა გააკეთა.
ეკა გიგაური ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების რეფორმა არაეფექტური იყო, რაც მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის საფუძველს იძლევა.
"გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი თეა წულუკიანის მიერ ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსაც იხსენებს და ამბობს, რომ წულუკინმა არაერთი გამოუძიებელი საქმის მიუხედავად ყოფილ მთავარ პროკურორს მადლობა გადაუხადა.
„იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ მის მიერ ჩატარებული მართლმსაჯულების რეფორმა არ იყო ეფექტური. ზუსტად ამიტომ ამდენი ადამიანი საუბრობს იმ უსამართლო სისტემაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. მას მოსწონდა ყოფილი პროკურორის მუშაობა, მადლობას უხდიდა ყოფილ პროკურორს, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში ძალიან ბევრი გახმაურებული საქმე არ იქნა გამოძიებული,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარეც.
სულხან სალაძე ამბობს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა უნდა უზრუნველყოს. სალაძის თქმით, ისეთი კანდიდატი უნდა შეარჩიონ, რომელზეც საზოგადოების ფართო კონსენსუსი იქნება.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი კი აღნიშნავს, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატად არაპოლიტიზირებული პირი უნდა შეირჩეს.
„კურიერის“ ინფორმაციით მმართველი გუნდი მთავარი პროკურორის პოსტზე ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს იუსტიციის სამინისტრო უკვე იწყებს, უწყებამ პარლამენტს ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს ოფიციალური კანდიდატი.