თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ადვოკატთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.
პრემიერის განცხადება, რომ ის მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლულ მშობლებს შეხვდება, ზაზა სარალიძისთვის მიუღებელია. სარალიძე კანცელარიასთან სახალხო დამცველთან და მხარდამჭერ პოლიტიკოსებთან ერთად იმყოფება და ამბობს, რომ მას პრემიერი ვერ წამოუყენებს ულტიმატუმებს.
სარალიძის განცხადებით, შეხვედრას უნდა ესწრებოდნენ, როგორც შვილმოკლული მშობლები, ისე პოლიტიკოსები.
„ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, შვილმოკლული მშობლები ვინც აქ იმყოფებიან, აგერ არის ერთი ადამიანი ჩემს გვერდით. პოლიტიკოსებზე ნუ აკეთებთ აქცენტებს, ძალიან გთხოვთ. ჩემთვის საზოგადოება არის საზოგადოება, მალხაზ მაჩალიკაშვილს რატომ არ ახსენებს პრემიერი. ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? მაგათ ულტიმატუმებზე მე ვიარე ექვსი თვე,“-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ამ დრომდე უცნობია, ვისთან ერთად შევა ან შევა თუ არა ზაზა სარალიძე კანცელარიაში.
ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გამოვიდა. თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია.
მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციაა მობილიზებული. მათ შენობის შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.