დედაქალაქის სატრანსპორტო კოლაფსის საფრთხის წინაშე - მეტროს თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ოპოზიცია პასუხისმგებლობას დედაქალაქის მთავრობას აკისრებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ თბილისის მერმა ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე იცოდა, რომ მეტრო გაჩერდებოდა, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად არაფერი მოიმოქმედა. ოპოზიცია ითხოვს, დედაქალაქის მერი შეხვდეს მემანქანეებს და მათთან კონსულტაციები დაიწყოს.
„კონკრეტული გამოსავალი უნდა იპოვოს ახლა დედაქალაქის მერმა. ამიტომ აირჩიეს ქალაქში და არა იმიტომ, რომ ვიღაცეებს რაღაცეები დაუძაბოს და ეჩხუბოს,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თბილისის მერიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის”თავმჯდომარეც. გოკა გაბაშვილი ამბობს, რომ თვეებია მეტროს მემანქანეები აჟღერებენ მათ მოთხოვნებს, თუმცა დიალოგი მათთან ამ დრომდე არ გამართულა.
„იმ ბიუჯეტში, რომელიც მერიას აქვს უნდა გამოსანახი იყო 30 მილიონი ლარი. სერიოზული მუშაობის შემთხვევაში, რამდენიმე დღე სჭირდება იმას, რომ 30 მილიონი ლარი გამოინახოს და არამარტო მეტროს თანამშრომლების და მემანქანეების პრობლემა გადაწყდეს, არამედ ყველა მიმართულებით გარკვეული ზრდა ხელფასების მოხდეს,“-განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ მმართველ გუნდში. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე კი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში იზრდებოდა მეტროს მემანქანეების ხელფასი და მათი ანაზღაურება 1600-1800 ლარს შეადგენს. რევაზ სოხაძე მეტროს მემანქანეების გაფიცვას შანტაჟს და კანონგარეშე ქმედებად აფასებს.
მეტრო დილიდან პარალიზებულია. მემანქანეები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ.