„ყველაფერი საერთოდ დროულად უნდა მოგვარდეს, მაგრამ ჩვენი მთავრობის ხელში ეს ასე არ ხდება,“ - ასე აფასებენ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, მეტროს მემანქანეების პროტესტზე მერიის რეაგირებას.
დღეს დილიდან მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ და ამ დროისთვის მეტროს 23-ვე სადგური, რომლებსაც ყოველდღიურად 400 000-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავთ, გაჩერებულია.
მეტროში დაწყებულმა გაფიცვამ კი სხვა მუნიციპალური ტრანსპორტის გადატვირთვა გამოიწვია, რომელიც ერთბაშად გაზრდილი ნაკადის მომსახურებას ვერ აუდის.
მოქალაქეების თქმით, დროულად გადაადგილებას ვერ ახერხებენ, რის გამოც, მათ პრობლემები ექმნებათ.
თბილისელების თქმით, მერიას შეეძლო ამ პრობლემის მოგვარება და გაფიცული მემანქანეების მოთხოვნების დაკმაყოფილება. მოქალაქეების განცხადებით, მემანქანეებს საკმაოდ რთული სამუშაო აქვთ და ისინი ანაზღაურების გაზრდას იმსახურებენ.
„როგორც პენსიისთვის შეეძლოთ მოემატებინათ, ისე ხელფასებისთვის. მართლა საშინელი სამუშაო აქვთ მაგათ, ადვილი კი არ არის იმხელა რახარუხში და იმხელა ხმაურში მუშაობა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
მეტროპოლიტენი დღეს დილიდან გათიშულია. მიზეზი მეტროს მემანქანეების გაფიცვაა, ისინი ხელფასის გაზრდას 45% ითხოვენ. მეტროს პარალიზების გამო, დედაქალაქის მერიამ უფასო ავტობუსები დანიშნა.