თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვითარება რთულია და ზაზა სარალიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
„ხედავთ,რომ ადამიანი რთულ ვითარებაშია და ადამიანურად ძალიან რთულია ამას რომ ვუყურებ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადამიანი დამშვიდდეს და ისე გააკეთოს განცხადებები“-აცხადებს გიგაური.
გიგაური პრემიერის განცხადებასაც აფასებს და ამბობს, რომ პრემიერის გადაწყვეტილებაა, სარალიძეს პოლიტიკოსების გარეშე შეხვდეს. თუმცა გიგაურის თქმით, მთავარია ნებისმიერი ფორმატის შეხვედრას მოჰყვეს შედეგი.
"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, მაჩალიკაშვილისა და სარალიძის საქმეები არ უნდა დავინახოთ განყენებულად, რადგან ორივე შემთხვევაში მართლმსაჯულების პრობლემა იკვეთება. მშვენიერაძის თქმით, ცალსახაა,რომ მართლმსაჯულების რეფორმა აუცილებლად უნდა დაიწყოს.