საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარლამენტში მივიდა. დავით დონდუასთან საუბრის მთავარი თემა სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა.
დეპუტატებს აინტერესებთ, რას გეგმავს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე, რათა შენარჩუნებული იქნას "არაღიარების პოლიტიკა" და სირიის ნაბიჯი სხვა არაბულმა ქვეყნებმაც არ გადადგან.
„ვერ მოვისმინეთ რა არის პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების, რომ რეალურად შეეცადოს, რომ რუსეთზე მოახდინოს ზეგავლენა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რეალურად აღიარებს, რომ არის არაერთი წითელი წერტილი მსოფლიოში სადაც პოტენციურად შეიძლება მოხდეს აღიარება და თუ მსგავსი წარმატებით აპირებს საქართველოს ხელისუფლება, რომ გაუმკლავდეს ამ პოტენციურ საფრთხეებს მაშინ რა თქმა უნდა რომ ეს საფრთხე რჩება ძალაში,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.
ე.წ. წითელი ქვეყნებიდან მომავალ საფრთხეზე საუბრობს „ევროპული საქართველოც.“ სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მინისტრის მოადგილემ თვითონვე აღიარა ამ კატეგორიის ქვეყნებიდან თეორიულად მოსალოდნელი საფრთხე.
„აი, ამ ქვეყნებთან მიმართებაში რას გეგმავენ, რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება, ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ჩვენ ამ შეხვედრაზე ვერ მივიღეთ,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.