რუსეთის ეკლესიის სპეციალური წარმომადგენელი თბილისშია. დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში საქართველოში რუსული ეკლესიის ინტერესები უნდა დაიცვას ილია მეორეს პირადად გააცნეს. ინფორმაციას საქართველოში ვიზიტის შესახებ რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილება ავრცელებს.
საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსული ეკლესიის გავლენიანი სასულიერო პირი ილარიონ ალფეევი, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარეა.
ვლადიმერ ალექსანდროვის წარდგენას ასევე ესწრებოდნენ პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი და წმინდა სინოდის წევრები, ასევე პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიდაძე.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ვლადიმერ ალექსანდროვი თბილისში რუსულენოვანი მრევლის მსახურებისთვის არის მოვლენილი.